მარცხის მოლოდინში ირაკლი კობახიძის განცხადებებში არაადეკვატურობის ხარისხმა მოიმატა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.
სამადაშვილის თქმით, დრო არის „ქართული ოცნება“ მარცხს შეეგუოს და პოლიტიკურ პროცესებზე ადეკვატური რეაქციები ჰქონდეს.
„ამ საკითხზე სერიოზული კომენტირება გამიჭირდება, რადგან ვშიშობ, რომ ეს განცხადება ცდება პოლიტიკის სფეროს. ვფიქრობ, რომ გარდაუვალი მარცხის მოლოდინში ირაკლი კობახიძის, ნაცვლიშვილის და სხვების განცხადებებში და შეფასებებში, როგორც ჩანს, არაადეკვატურობის ხარისხმა მოიმატა. რთული ვითარება არის. ესმის ეს ძალიან კარგად „ქართული ოცნების წევრებს, უბრალოდ სხვადასხვანაირად რეაგირებენ ამაზე და ვერ ვიტყოდი, რომ ეს რეაგირება არის ადეკვატური და მე მხოლოდ შემიძლია, რომ დავამშვიდო ქართველი ხალხი, რომ რამდენიმე დღეში დასრულდება ეს ყველაფერი და ქვეყანას მიეცემა ნორმალურად განვითარების და ცხოვრების შესაძლებლობა. ეს განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ აჩვენებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია საკუთარ მარცხში. დრო არის, რომ შეეგუონ მარცხს და უფრო ადეკვატური რეაქციები ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესებზე, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენონ საკუთარი თავი“, - განცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული სქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდება პროვოკაციების რისკი. მისივე განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“ ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიც არის „დიფ ფეიკი“. კობახიძის განმარტებით, ამგავარი პროგრამების მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. მან ამომრჩეველს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა, რათა ისინი დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.