გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველო აქციოს მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის - ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც

გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ საქართველო აქციოს მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის - ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც

ბრიტანული გამოცემა „დეილი ტელეგრაფი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სტატიას, სახელწოდებით „ბრექსიტის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაგვეხმარება“ აქვეყნებს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო, თავისი გეოგრაფიული მდებარეობის და ლიდერის ისტორიული როლის გათვალისწინებით, ითვლება რეგიონის კარიბჭედ, ,,ქართული ოცნება“ კი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა აქციოს საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ცენტრად, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებითაც.

„უსაფრთხოების მხრივ ასეთ არასტაბილურ გარემოში ეს შესაძლებელია მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს და სხვა დასავლელი პარტნიორების მტკიცე და გრძელვადიანი მხარდაჭერის შემთხვევაში. ქართველი ხალხის სახელით, მადლობას მოვახსენებ გაერთიანებულ სამეფოს დახმარებისთვის რეალური გარე საფრთხეებისგან ჩვენი ქვეყნისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს გზა ევროატლანტიკური უსაფრთხოების სივრცისა და ნატოსკენ შეუქცევადია. ჩვენ, - როგორც მთავრობას, ისე ქართველ ხალხს, - მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ მიზნის მიღწევა. 31 ოქტომბერს საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. ოქტომბერში, „ქართული ოცნების“ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო დავაჩქარებთ ამ პროცესს - ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის წინაშე, ასევე ჩვენი პარტნიორების წინაშე ლონდონსა და მთელ მსოფლიოში“,- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.