კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა

კრიმინალის მონაცემები გადამოწმებადია, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში, რა რიცხვები იყო. განსხვავება იყო ერთი, მაშინ მიზანმიმართულად შექმნილი იყო ვირტუალური საქართველო, სადაც ადამიანებს ეგონათ, რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანაში ყველაფერი კარგი ხდებოდა, თუმცა უამრავი დანაშაული ფიქსირდებოდა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გადამოწმება. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, როდესაც ქვეყანაში კრიმინალი ხდება, რასაც მთელი ევროპული ქვეყნები ებრძვიან. ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა გამოძიებული იყოს",-განაცხადა კახა კალაძემ.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.