ჯამალ ჰაშაღის საცოლე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სასამართლოში უჩივის

ჯამალ ჰაშაღის საცოლე საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს სასამართლოში უჩივის

მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის საცოლემ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სარჩელში ჰატიდა ჩენგიზი პრინცს ჟურნალისტის მკვლელობის ბრძანების გაცემაში ადანაშაულებს და მისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. დოკუმენტში ასევე ელ-რიადის 20 ოფიციალური პირის სახელებია ჩამოთვლილი, რომლებიც ჩენგიზის აზრით, ჰაშაღის მკვლელობაზე არიან პასუხისმგებლები.

ვაშინგტონში საუდის არაბეთის საელჩოში სარჩელთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჯამალ ჰაშაღი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2018 წლის ოქტომბერში მოკლეს. ის საუდის არაბეთის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდა. მოკლული ჟურნალისტის დანაწევრებული სხეული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

8 თებერვალს გაერომ თავისი ექსპერტების დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობა საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებმა დაგეგმეს და შეასრულეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს გამოძიების დასკვნის შედეგებს უარყოფს.

2019 წლის დეკემბერში საუდის არაბეთში ჰაშაღის მკვლელობაში 5 ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 2020 წლის სექტემბერში განაჩენი თავისუფლების 20 წლით აღკვეთით შეცვალეს, მას შემდეგ რაც ჰაშაღის ოჯახმა განაცხადა, რომ მკვლელებს აპატია.