ამირან გამყრელიძე: პანდემია, სხვადასხვა გათვლით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს

ამირან გამყრელიძე: პანდემია, სხვადასხვა გათვლით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს

პანდემიას სჭირდება დრო, უკვე 10 თვეა გარღვევა ვერ მოხდა მკურნალობაში და ჯერჯერობით არც ვაქცინა არაა. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი და ის თანდათან დასუსტდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად 5 პრევენციული ღონისძიება რჩება, პირველია პირბადე. „დაბეჯითებით გეუბნებით, რომ პანდემია არ დასრულდება რამდენიმე თვეში და არც ერთ წელიწადში. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი და ის თანდათან დასუსტდება. პანდემია სხვადასხვა გათვლებით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს.ამასობაში ჩვენ გვიწევს მასთან ერთად ცხოვრება და ეს უნდა ვისწავლოთ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 172-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ სასტუმროში - 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.