მარინა ენდელაძე: თუ კოვიდინფიცირებული რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია

მარინა ენდელაძე: თუ კოვიდინფიცირებული რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია

არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

„პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი - არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.

ექიმების მიერ რისკჯგუფებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. თუ პაციენტი რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ეს ინფექცია თითქმის არ რთულდება“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1351 ადამიანს დაუდასტურდა, 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 003, გარდაიცვალა 172 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4462 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3071, კოვიდ-სასტუმროში - 1772, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.