ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა

ბრიუსელში კოვიდტესტირების 3 საველე ცენტრი გაიხსნა. ცენტრები დილის 08:00 საათიდან 16:00 საათამდე მუშაობს და მკაცრად გაწერილი პროტოკოლით მოქმედებს.

ევროკავშირის წითელი ზონიდან დაბრუნების შემდეგ, სავალდებულო ტესტირება, კრიზისის ცენტრიდან მიღებული სპეციალური კოდი, რაც ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ ეგზავნება პირს, ან ექიმის სპეციალური მიმართვა - საველე ცენტრში კოვიდ19-ზე ტესტის ჩაბარება შესაძლებელია თუ პირი ამ სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს.

აუცილებელია წინასწარ ჩაწერა და წესების დაცვა. წესების თანახმად, ტესტირებაზე მარტო მისვლაა აუცილებელი და თანმხლები პირები არ დაიშვებიან. რიგში დგომისას სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის შენარჩუნება.

ტესტის პასუხის მიღების ვადაა 2-დან 4 დღემდე. ტესტის პასუხის მიღებამდე რეკომენდებულია სახლში ყოფნა. სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქეები ვალდებულები არიან, შეადგინონ იმ პირთა სრულყოფილი სია, ვისთანაც მათ სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით ადრე კონტაქტი ჰქონდათ.

კრიზისის ცენტრი სიაში მყოფ ადამიანებს დაუკავშირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი დადებითია. კორონავირუსით ინფიცირებული პირი გადადის 7-დღიან იზოლაციაში და ტელეფონით იღებს ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს. თუ 7 დღის შემდეგ მას ისევ აღენიშნება სიმპტომები, პაციენტი განაგრძობს თვითიზოლაციაში ყოფნას.

ამ ეტაპზე დღეში 9000 ადამიანს უტარდება COVID-ზე ტესტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი ბელგიაში 4 მლნ ასეთი ტესტი ჩატარდა. სულ აღრიცხულია 222,253 შემთხვევა. 19 ოქტომბრის მონაცემებით, 2485 საავადმყოფოშია მოთავსებული. 412 ინტენსიურ განყოფილებაშია. 195 პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე.