ემანუელ მაკრონი: ჩვენი თანამოქალაქე ისლამისტური ტერაქტის მსხვერპლი გახდა

ემანუელ მაკრონი: ჩვენი თანამოქალაქე ისლამისტური ტერაქტის მსხვერპლი გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის გარეუბანში სკოლის მასწავლებლის მოკვლის ფაქტს ტერორისტული აქტი უწოდა.

„დღეს ჩვენი ერთ-ერთი თანამოქალაქე იმის გამო მოკლეს, რომ მოსწავლეებს გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ჩვენი თანამოქალაქე ისლამისტური ტერაქტის მსხვერპლი გახდა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ინციდენტის ადგილზე სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა ფრანგ მასწავლებლებს მიმართა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მთელი ქვეყანა თქვენს გვერდით არის, რათა დაგიცვათ და თქვენი პროფესიის განხორციელების შესაძლებლობა მოგცეთ. ობსკურანტიზმი და ძალადობა ვერ გაიმარჯვებს, ვერ შეძლებენ ჩვენს დაყოფას“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ინციდენტი ქალაქ კონფლან-სენ-ონორინში მოხდა. პოლიციამ თავმოკვეთილი მამაკაცის ცხედარი ადგილობრივი სკოლის მახლობლად აღმოაჩინა. თავდასხმის მსხვერპლი ადგილობრივი სკოლის ისტორიის მასწავლებელია. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილებზე მოსწავლეებს წინასწარმეტყველი მოჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

თავდაპირველად ინფორმაცია გავრცელდა, რომ თავდამსხმელი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია, თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ თავდამსხმელი 2002 წელს, მოსკოვში დაბადებული ჩეჩენია.

პოლიციამ თავდამსხმელი ვალ-დ’უაზის კომუნაში აღმოაჩინა. მამაკაცი პოლიციელებს ცივი იარაღით დაემუქრა, რის შემდეგაც პოლიციამ მას ცეცხლი გაუხსნა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.