ლევან რატიანი:მალე საქართველო კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა გადარჩება

ლევან რატიანი:მალე საქართველო კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა გადარჩება

კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება, რადგან ჯერჯერობით ვირუსთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური და არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები არ არსებობს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

ამასთან, ლევან რატიანს იმედი აქვს, მალე საქართველო კორონავირუსს დაამარცხებს და ყველა გადარჩება.

„საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს მივაწოდეთ ინფორმაცია დღევანდელი ეპიდვითარების შესახებ, რამდენი კრიტიკული პაციენტი გვყავს და რა მეთოდოლოგიით ვმართავთ. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ გარკვეული შენიშვნები, ეს შენიშვნები შეიძლება იყოს კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებთან დაკავშირებული. მათთან ერთად ორშაბათს ან სამშაბათს გვექნება ახალი პროტოკოლი მიღებული, ვთქვათ, ვინ უნდა მოხვდეს კლინიკაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები შეთანხმდება კლინიკურ ჯგუფთან ერთად, სამინისტროსთან, უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებთან.

რაც შეეხება მკურნალობის პროტოკოლს, რადიკალური ცვლილება ვერ განხორციელდება. ამ ეტაპზე, ეს არც ჩვენთან მოხდება, არც საზღვარგარეთ, რადგან იცით, სამწუხაროდ, არ არსებობს კორონასთან ბრძოლის არც პროფილაქტიკური, არც პათოგენეზური სამკურნალო-საწამლო საშუალებები. მხოლოდ და მხოლოდ გვაქვს სიმპტომური თერაპია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმედი მაქვს, მალე ჩვენი ქვეყანა კორონავირუსს დაამარცხებს, ყველანი ერთად გადავრჩებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ასევე, რატიანის თქმით, პაციენტების 80 პროცენტი შესაძლოა, უსიმპტომოდ ატარებდეს ინფექციას. რატიანი ამბობს, რომ ასეთი პაციენტები მკურნალობას ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან.

„ვიდრე არ იყო დაავადების გავრცელება ასეთი მასშტაბური, ყველა მათგანი ეს იყო მცირე სიმპტომიანი, საშუალო, მძიმე თუ კრიტიკული, ერთნაირად ხორციელდებოდა მათი ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ სამწუხაროდ, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში პროგრესულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით 80 პროცენტი, ექიმის მეთვალყურეობით, შინ მკურნალობას გააგრძელებს. მუდმივად ვაცხადებდი, რომ კორონავირუსთან ბრძოლა, რასაც ახორციელებდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ამის პანელი არ შეცვლილა. პაციენტების 80 პროცენტი შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი და არ ჰქონდეთ არანაირი სიმპტომი გამოვლენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ასეთი პაციენტები (ვინაიდან ჭარბი ინფიცირებულთა რაოდნეობაა) ვერ მოხვდებიან კლინიკაში, ისინი იქნებიან ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენ 20 პროცენტს, საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, ყველას მოემსახურება კლინიკური სექტორი“, – აღნიშნა ლევან რატიანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და კლინიკური ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ექიმებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს. მათ ქართველ კოლეგებს ქვეყანაში COVID19-ის მართვის შესახებ დაგროვილი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები მოისმინეს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.