მეუფე ექვთიმე: მამა გაბრიელმა დაავალა მამა კირიონს და პირდაპირ უთხრა - მიხედე გარეჯსო

მეუფე ექვთიმე: მამა გაბრიელმა დაავალა მამა კირიონს და პირდაპირ უთხრა - მიხედე გარეჯსო

მამა კირიონს მიაწერენ, თითქოს ის მართვადი, რაღაც იარაღია, ზოგ შემთხვევაში ბრმა, ზოგ შემთხვევაში რაღაც მოტივაციით განპირობებული, თუნდაც ამ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. თითქოს ის იმართება გარკვეული წინაპირობებით, მაგრამ ამის საპირწონედ მინდა ვთქვა, მამა კირიონი იყო მამა გაბრიელის მოწაფე, მისი ცხოვრება შეიცვალა მამა გაბრიელთან ურთიერთობით, - ამის შესახებ გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა Imedinews-თან საუბრისას განაცხადა.

მეუფე ექვთიმე მამა კირიონის მიერ დავით გარეჯის საკითხით დაინტერესებას სამაგალითოს უწოდებს და მას ღირსეულ, უანგარო სასულიერო პირად მიიჩნევს.

„მამა კირიონის უმთავრესი თეზისი იყო წარმოდგენილი, რომ ის მართვადი, რაღაც იარაღია, ზოგ შემთხვევაში ბრმა, ან ზოგ შემთხვევაში რაღაც მოტივაციით განპირობებული. მას მიაწერენ, თითქოს რაღაც კონიუნქტურულ ურთიერთობაშია, რაც განპირობებულია თუნდაც ამ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. თითქოს იმართება გარკვეული წინაპირობებებით, მაგრამ ამის საპირწონედ მინდა ვთქვა, მამა კირიონი იყო მამა გაბრიელის მოწაფე, მისი ცხოვრება შეიცვალა მამა გაბრიელთან ურთიერთობით და მამა გაბრიელი არის მისი მოძღვარი და გარდაცვალების შემდეგაც მამა გაბრიელი განაპირობებს მისი ცხოვრების კრედოს, მოღვაწეობასა და ცხოვრებას.

ახლა რასაც ვიტყვი შეიძლება საქილიკოდ გაიხადონ, იმასხარაონ, გაერთონ, თუმცა ეს ეკლესიაში მიღებულია, რომ სატანური წყობაა გონების. მამა კირიონს დიდი ხანია ვიცნობ და ერთპიროვნულად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ღირსეული და პატიოსანი ადამიანი, უანგარო არაფერი ამოძრავებს, გარდა იმისა, რომ პირველ რიგში ცხონდეს და ემსახუროს ეკლესიასა და სამშობლოს.

მამა გაბრიელმა დაავალა მამა კირიონს და პირდაპირ უთხრა - მიხედე გარეჯსო“. რა თქმა უნდა, ურწმუნოებს არ ვეხები, მაგრამ მორწმუნე ადამიანისთვის, ვინც თავის თავს ეკლესიის წიაღში წარმოიდგენს, ეს განცხადება მგონი ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მამა კირიონი მოქმედებს კურთხევით არა დღეს, არამედ მთელი ამ წლების განმავლობაში. რა იგულისხმებოდა გარეჯის მიხედვაში? ყველაფერი, მათ შორის ის ნაბიჯი, რომელიც მამა კირიონმა გადადგა დავით გარეჯთან დაკავშირებით.

მე მჯერა მამა გაბრიელის, როგორც წმინდანის. რახან დაავალა მამა გაბრიელმა მამა კირიონს მიხედე გარეჯსო, წყალწაღებული საქმე რომ ყოფილიყო ალბათ, არ დაავალებდა“, - აღნიშნა მეუფე ექვთიმემ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.