ანალიტიკოსი გურამ სანადირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
რამოდენიმე საკითხია ჩემთვის გაუგებარი:
- (შეკითხვა ამჟამინდელ ხელისუფლებას) რა აუცილებელი იყო ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გატარება?
- (შეკითხვა წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენლებს) თუ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია არ არის დასრულებული, განსაკუთრებით გარეჯის უბანში (სხვა მონაკვეთზე წინასწარი შეთანხმება თურმე მიღწეულია), მაშინ რის საფუძველზე: (i) დგანან გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები; (ii) გააკეთა ყოფილმა კულტურის მინისტრმა (ნიკა რურუამ) და საგარეო მინისტრის ყოფილმა მოადგილემ (ნინო კალანდაძემ) საჯარო განცხადება, რომ გარეჯი ეკუთვნის აზერბაიჯანს? თუ ეს სიტყვიერი შეთანხმებაა, ასეთი პრეცედენტი, რომ მხარეებს შორის სახელმწიფო საზღვარი სიტყვიერი (?!) შეთანხმებით დაიდოს ისტორიამ არ იცის. გაგვაგებინეთ რაშია საქმე?
- (შეკითხვა წინამორბედი ხელისუფლების მხარდამჭერებს), თუ გამოჩნდა რელევანტური რუკები, რომელიც დაადასტურებს გარეჯის კომპლექსის საქართველოს საზღვრებში არსებობას, რატომ არის ეს სამწუხარო და მიუღებელი ინფორმაცია? მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის არქივიდან არის მოპოვებული? კი მაგრამ სხვა ქვეყნის არქივებში (ამერიკის, ევროპის, ავსტრალიის) რაიმე მსგავსი საბუთის არსებობა ხომ გამორიცხულია? აპელირება ე.წ. „რუსულ ნარატივზე“ გამართლებული არა მგონია. ჯერ ერთი რა, რუსეთმა რომ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება უკან წაიღოს ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ როგორც რუსული ნარატივი ? და მეორე, კარგად ვიცით მალტის შეთანხმების (1989) შედეგად როგორ უნისონში ეწინააღმდეგებოდნენ 1990-91 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობას მოსკოვი (აშკარად) და ვაშინგტონი (ფარულად). რა, უარი უნდა გვეთქვა დამოუკიდებლობისათვის? სადა გვაქვს იმის გარანტია, რომ პუტინის შემდეგ რუსული და ამერიკული ნარატივები კვლავ უნისონში არ ამღერდებიან? და რა ვქნათ მერე? რა და, მოვლენები უნდა შევაფასოდ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ყველაფერი მისასალმებელია რაც წაადგება ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, თუ ვისი ნარატივია.
- მე მგონი აჯობებს წინასაარჩევნოდ, როგორც მანამდე ოპოზიცია ითხოვდა ცალსახა პასუხს კითხვაზე რუსეთი ოკუპანტია თუ არა (სამართლიანადაც), ამჯერად ყველა საარჩევნო სუბიექტმა დაადასტუროს (ან უარყოს), რომ გარეჯის მთელი კომპლექსი საქართველოა. დაე ამომრჩეველმა კარგად გაიგოს თუ ვის ირჩევს.