ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რათა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, ჩამოვაყალიბოთ უმრავლესობა და დავაკომპლექტოთ მთავრობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან უკანასკნელ პერიოდში საკანონმდებლო დონეზე გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შედეგად ქვეყანაში იქნება უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემა.
„ყველა ავტორიტეტული კვლევის თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მხარდაჭერა სხვადასხვა რეგიონში 54%-დან 64%-მდე მერყეობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი მხარდაჭერა იმისთვის, რათა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, ჩამოვაყალიბოთ უმრავლესობა და დავაკომპლექტოთ მთავრობა. რასაკვირველია, ამასთანავე, კარგად გვესმის იმ რეფორმების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენ გავატარეთ და, რომელიც ქმნის საქართველოში უფრო სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას, უფრო წარმომადგენლობით პარლამენტს და, რა თქმა უნდა, ეს სისტემა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული თანამშრომლობაზე. ეს არის „ქართული იცნების“ დემოკრატუიული გადაწყვეტილებები და მე ჩვენს საზოგადოებას მადლობას ვუხდი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ამ რეფორმებში. რასაკვირველია, ჩვენ უზრუნველვყოფთ მთლიანად და საქართველო მზად არის არსებითად პროპორციული სისტემით დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. ჩვენი ქვეყანა ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, ჩვენ დავუმტკიცებთ მოქალაქეებსა და პარტნიორებს, რომ საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაძლიერებას და იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროკავშირსა და ნატოში. ჩვენ აუცილებლად მოქალაქეებთან ერთად ამ წარმატებებს მივაღწევთ მომავალში,“- განაცხადა თალაკვაძემ.