საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების მხრიდან ურთიერთბრალდებები ისმის.
მღვდელმონაზონი ანდრია სარია საქმის ოქროს მოწმის, მამა კირიონის მისამართით აცხადებს, რომ მას საქმესთან დაკავშირებით ამოძრავებს პირადი ინტერესი და ეს უკავშირდება არა დავით გარეჯს, არამედ ერთ-ერთ დაკავებულს, ივერ მელაშვილს.
"დღევანდელი მოცემულობით ძალიან ბევრ სიცრუეშია დაჭერილი. ისიც ცხადია, რომ რუკებთან დაკავშირებით მას არ აქვს ცოდნა და სხვა პროფესიონალებმა როგორც ისაუბრეს, ძალიან ბევრი დარღვევებით აღწერა მან საკითხები. უმჯობესია, ამ საკითხებზე არა აღტკინებით, ემოციით და მტკიცებით ფორმაში, არამედ სურვილის ფარგლებში ისაუბროს სასულიერო პირმა და არ გასცდეს თავის ვალდებულებას, რაც ქრისტიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია - სიყვარული,"-განაცხადა ანდრია სარიამ.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს, და აცხადებს, რომ ივერ მელაშვილთან გადაკვეთა მხოლოდ ამ საქმის ფარგლებში ჰქონია.
"ასეთ ეროვნული მნიშვნელობის საკითხში რომ ასე მაკრიტიკებს, მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის და ადამიანის ცდომილებას და გაუკუღმართებას, სამწუხაროდ, საზღვარი არ ჰქონია. სრული აბსურდია, რა პირადი ინტერესი. ინტერესი ერთია აქ - ჩემ ქვეყანას, ჩემ სამშობლოს, ჩემ გარეჯს ადამიანი აძლევდა აზერბაიჯანელებს. მთელი ჩვენი გადაკვეთის წერტილი იყო ეს. ისე ვიცხოვრებდი მე, ისე იცხოვრებდა ივერი, შეიძლება ცხოვრებაში ერთმანეთი არ გვენახა. ჩვენი წერტილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს, რომ კაცი, რომელიც აზერბაიჯანის მხარეს აბარებდა მონასტრებს და ეს ყველაფერი დავინახე და რამდენიმე წლიანმა გამოცდილებამ ამაში დამარწმუნა, ეს არის ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ. რა ინტერესი უნდა მქონდეს, ჯვარი მწერია,"-განაცხადა კირიონმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება