არასწორ დოკუმენტებს მოეწერა ხელი, რომლითაც კინაღამ დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის ერთი ნაწილი და ეს დაუშვა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, - ამის შესახებ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გამოდის რომ მაშინდელი (2006-2007 წლები) ხელმძღვანელობა იყო აბსოლუტურად არაკომპეტენტური ან კიდევ უარესი, ეს იყო შეგნებული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ. ასევე არ არის გამორიცხული გარკვეული დავალება არსებობდა“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.