"ქართული ოცნების“ გუნდმა გაატარა რეფორმა, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და არჩევის წესებთან დაკავშირებით და მსოფლიოში საუკეთესო მოდელი შექმნა, - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ქართული ოცნების“ გუნდმა გაატარა რეფორმა, განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და არჩევის წესებთან დაკავშირებით და მსოფლიოში საუკეთესო მოდელი შექმნა. თუ არსებობს ამაზე უკეთესი მოდელი, ყველა კვალიფიციურ იურისტს ვთხოვ დაასახელოს, რომელ ქვეყანას აქვს ამაზე უკეთესი სამართლებრივი მოდელი. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მას თუ წაიკითხავთ, იქ არის მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რომ საქართველომ სწორი ცვლილებები განახორციელა ამ მიმართულებით. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ არ დაველოდეთ, ეს ძალიან მარტივი საკითხია და გაუგებრობები უნდა ავიცილოთ თავიდან. ვენეციის კომისია, ევროპის საბჭო და ევროკავშირი წინასწარ იყო ინფორმირებული, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად არ აქვს უფლება, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე კვლავ შეიკრიბოს, იმსჯელოს და განახორციელოს ცვლილებები. ჩვენ გვქონდა დედლაინი - 30 სექტემბერი, ამიტომ მივიღეთ ეს ცვლილებები”, - განაცხადა ოხანაშვილმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანმა სპიკერმა, პეტერ სატანომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს გაავრცელა, რომელშიც მწუხარება გამოთქვა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.