დავით გარეჯი სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია, მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რაიმე სახის განცხადება გავაკეთო, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი.
„ეს არის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რაიმე სახის განცხადება გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული საკითხი. ვიცით, რომ სადემარკაციო კომისიის მუშაობა მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი. ვფიქრობთ, ასეც იქნება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.