არჩილ თალაკვაძე: ცვლილებები რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია

არჩილ თალაკვაძე: ცვლილებები რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია

"ცვლილებები რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია.

ვენეციის კომისიასთან გვქონდა განხილვა და მიღებული ცვლილებების საბოლოო შინაარსზე არსებითი შენიშვნები არ რჩება. არსებითი შენიშვნები, რომელიც მიუთითებს, რომ ეს ცვლილებები ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს - არ მოგვისმენია.

მადლიერნი ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მართლაც სწრაფად უზრუნველყო ჩვენთან მოსაზრებების განხილვა და დასკვნის მომზადებაც რაც შეიძლება მოკლე დროში დაიგეგმა.

ევროკავშირის საელჩო და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა წინასწარ იყვნენ ინფორმირებული, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ბოლო შესაძლებლობა 30 სექტემბერი იყო, ვინაიდან კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი როგორც წესი, არჩევნებამდე 1 თვით ადრე წყვეტს პლენარულ სხდომებს.

მაშინ, როდესაც არაერთი მოქალაქე ელოდება საქალაქო სასამართლოებში და უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვას და დავების გადაწყვეტას, ჩვენ არ გვქონდა უფლება, საკანონმდებლო ცვლილებები შემდეგ პარლამენტში განსახილველად გადაგვედო და ამით პროცესი თვეებით, კიდევ ერთი წლით გაგვეჭიანურებინა.

სასამართლო სისტემაში რეფორმები სწორი კურსით მიდის და ამის შედეგია ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების 8-ჯერ (5000-დან 700-მდე) შემცირება, ასევე, საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი სასამართლო სისტემის დასახელება ევროპის საუკეთესო ოცეულში. ჩვენ განვაგრძობთ სასამართლოში რეფორმების მხარდაჭერას და თანამშრომლობას საერთაშორისო ინსტიტუტებთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას გამოეხმაურა.​