დავით ხიდაშელმა საარქივო მასალა გადმოგვცა, სადაც 200-მდე რუკაა. იმდენად ძვირფასი მასალაა, ამის ასე დატოვება, რომ ფართო საზოგადოებამ არ ნახოს, ყოვლადწარმოუდგენელია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების კარტოგრაფია-გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ხორბალაძემ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს, როგორ მოიპოვეს რუკის დედანი, ანუ ლეგიტიმური დოკუმენტი, რომელიც დავით გარეჯის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხს განსაზღვრავს.
ნოდარ ხორბალაძემ ამ საქმეში გაწეული ღვაწლისთვის მადლობა თვდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გადაუხადა და ისაუბრა, თუ როგორ დააკავშირა ღარიბაშვილმა იგი ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომლის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული რუკების დედნების საფუძველზეც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. კერძოდ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
„ამ გაზაფხულზე აზერბაიჯანულმა მხარემ იცოდა, რომ ჩვენ არ გვქონდა ეს საარქივო მასალები. აპირებდნენ, რომ ჩამოსულიყვნენ და კარტოგრაფიული მასალები შეეჯერებინათ. რუკა, რომელიც ჩვენ ხელთ გვქონდა, ქსერო ასლს წარმოადგენდა. ეს არ იყო საარქივო მასალა და რომ იტყვიან, საომრად ვერ გამოდგებოდა. ამიტომ, მივმართე ბატონ მინისტრს. მითრა, რომ საქმეში გაერკვეოდა. შემდეგ დამირეკა და შემატყობინა, რომ ტელეფონით დამიკავშირდებოდნენ და მე პრობლემა უნდა ამეხსნა. დაახლოებით, ერთ თვეში დამირეკა, მაშინ არ ვიცნობდი, ეს პიროვნება ვინ იყო. მერე გავარკვიეთ, რომ ეს იყო ბატონი დავით ხიდაშელი. ერთ თვეში ჩამოვიდა, ადამიანი საქართველოში 25 წელი არ ყოფილა და სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდა. საარქივო მასალა გადმოგვცა, სადაც 200-მდე რუკაა. საფამოფენო დარბაზი კეთდება, იმდენად ძვირფასი მასალაა. ამის ასე დატოვება, რომ ფართო საზოგადოებამ არ ნახოს, ყოვლადწარმოუდგენელია. გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ გამოიფინოს“, - განაცხადა ნოდარ ხორბალაძემ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.