დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოში ამ რუკის არარსებობა. კომისიას ექნებოდა რუკა და ის სადღაც დალექილი ინახებოდა, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა.
სასულიერო პირმა რუკის ძიების ისტორია გაიხსენა, რომლითაც უნდა გარკვეულიყო მონასტრის ტერიტორიის საქართველოსთვის კუთვნილების საკითხი.
„შეუძლებელი იყო ეს რუკა სადღაც არ გვეპოვა. რუკა რომ არსებობდა, ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა სასაზღვრო პოლიციის ძველი თანამშრომლებისგან. ამიტომ, როდესაც ჩვენ ამ რუკის ძიება დავიწყეთ, პირველი განვახორციელეთ სასაზღვრო პოლიციაში, ნატალია ილიჩოვასთან. როდესაც ჩვენ მას რუკაზე საუბარი დავუწყეთ, ვეძებთ, გვჭირდება და ხომ არ იცით, სად არის, მან გაიოცა და ძალიან დაიბნა. თქვა, რომ მე არაფერი ვიცი. მე ივერი არაფერში არ მახედებდა, ყველაფერს წარმართავდა და ივერის ჰკითხეთო. ამიტომ, ეს რუკა რომ იარსებებდა, ამას ორი აზრი არ უნდა. მაშინ საქართველო ამიერკავკასიის ფედერაციის ცენტრი იყო. ყველანაირი მასალები ჩვენთან ინახებოდა და ჩვენგან წაიღო მერე სომხეთმა და აზერბაიჯანმა. როგორ შეიძლება, რომ ცენტრში არ დარჩენილიყო მასალა, მაგრამ როდესაც ჩვენ მასალებისა და რუკის მოძიება დავიწყეთ, ყველა არქივიდან ნომენკლატურა გამქრალი იყო და ვერ ვპოულობდით. ასე, რომ მადლობა ღმერთს, რომ მივაგენით. დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოში არ რუკის არ არსებობა და კომისიას ექნებოდა ეს რუკა და სადღაც დალექილი ინახებოდა“, - განაცხადა მამა კირიონმა.
მისივე თქმით, აღნიშნული რუკის ძიება მათ 2014 წელს დაიწყეს. მამა კირიონმა აღნიშნა, რომ იგი თხოვნით მივიდა მაშინდელ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან, რუკის პოვნაში დახმარებოდა.
არქიმანდრიტის განცხადებით, მასალების ნაწილი მათ უკვე მოძიებული ჰქონდათ და მიხვდა, მათი სრულად მოპოვება მის ძალებს აღემატებოდა.
„მაშინ ირაკლის მიერ მოხდა ამ მასალების გადახედვა და დაკავშირება კარტოგრაფიულ განყოფილებასთან. მან გასცა დავალება, რომ მოგვეძიებინა რუკები და იურიდიული მასალები. როდესაც ჩვენ დავრწმუნდით ჩვენი პოზიციის სიმართლეში, იყო კამათი და მსჯელობა. დადასტურდა, რომ ჩვენი პოზიცია უტყუარი იყო, შემდგომ მივედით ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც მაშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო და მასალები წარვუდგინეთ. მან გასცა განკარგულება ამ საქმის სრული მოკვლევის, რომელიც ფართომასშტაბით განხორციელდა და ის მასალები, რაც დღეს გვაქვს, ფაქტობრივად, მაშინ არის მოძიებული“, - აღნიშნა მამა კირიონმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.