დანიაში საქართველოს ელჩს აქვს სრული უფლება ადამიანური თანადგომა გამოუცხადოს მელაშვილს, თუკი ამით სამართლებრივ ასპექტებს არ დაარღვევს. გიგი გიგიაძის განცხადება იყო პასუხისმგებლიანი დიპლომატის პოზიცია, ვისთვისაც მთავარი სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესი და ღირსებაა - ასე აფასებენ საქართველოს ელჩის მრიდან დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მხარდაჭერას საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.
მენაღარიშვილმა „რეზონანსთან" ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც გიგიაძე დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტების დარღვევისთვის გააკრიტიკა. მენაღარიშვილის თქმით, კობახიძის ადგილას ამ განცხადებას არ გააკეთებდა.
„კობახიძის ადგილას მე არ დავიწყებდი ამაზე განცხადებების კეთებას. მეტიც, არცერთი მხარის მსგავს განცხადებას არ გავაკეთებდი. ვფიქრობ, ეს არის წმინდა ინტერპერსონალურ- ადამიანური ურთიერთობის საკითხი და არსებით გარემოებებთან კავშირი არ აქვს.
„ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რის გამოც პროკურატურამ მელაშვილი დააკავა. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებოდა ცნობილი, აღნიშნულ დანაშაულსა და ელჩის მხრიდან ბრალდებულის მიმართ მხარდაჭერას გამართლება არ ექნებოდა. თუმცა, ჯერ სასამართლოს ბრალი არ დაუმტკიცებია და იქამდე ჩვენ არავის განსჯის უფლება არ გვაქვს. ყველას გააჩნია საკუთარი აზრი კოლეგის დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე. ამიტომ ნუ ავუკრძალავთ ადამიანებს აზრის ქონისა და გამოხატვის უფლებას.
„თუკი გიგიაძის განცხადება მორალური მხარეა და არ აქვს კავშირი სამართლებრივ ასპექტთან, მას სრული უფლება აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების, მითუმეტეს მისი კოლეგა ჯერჯერობით მხოლოდ დაკავებულია და სასამართლო არ ჩატარებულა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განუცხადა მენაღარიშილმა „რეზონანსს".
იგი გამორიცხავს ამ საკითხზე რაიმე სახის შიდა დაპირისპირებას ქართული დიპლომატიური კორსუსის წარმომადგენლებს შორის.
„ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს დიპლომატიურ კორპუსებს შორის დაპირისპირების გაჩენის და გახლეჩის. ამ კორპუსში ღირსეული, ობიექტური და პატრიოტი ადამიანები მუშაობენ. მათ კოლეგიალობაც იციან და სამშობლოს სიყვარულიც. ამიტომ არ მგონია თუნდაც მცირე ბზარი გაჩნდეს.
„თუ მელაშვილს ბრალი დაუმტკიცდება, მხარს მას არავინ დაუჭერს, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩვენ დეტალები არ ვიცით. სანამ თავის სიტყვას გამოძიება და სასამართლო არ იტყვის, ვიღაცის დაგმობა სრულიად არასწორი მიდგომა იქნებოდა", - განაცხადა მენაღარიშილმა.