მე ვიცი, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია, ეს არის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა, ეს არ არის მარტო ეკლესიის კუთვნილება და ეს ვიცი ზუსტად, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სპეციალისტები ამბობდნენ, რომ 1938 წლის რუკის დედანი არ არსებობდა.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის სპეციალისტებს, კარტოგრაფებსა და სხვა სპეციალისტებს შესწავლილი აქვთ ეს საკითხი. მათ უდავოდ აქვთ მიჩნეული, რომ დავით გარეჯი თავისი რელიგიურ-ისტორიული მნიშვნელობით, იმ შეთანხმებებით, რომელიც აქსტაფაში 1920, 1921 წელს შედგა, შემდეგ 1938 წლის რუკით და 1996 კომისიების მიერ შეთანხმებული ოქმით, რომელიც აბსოლუტური თანხმობითაა მიღებული ყოველგვარი დავის გარეშე, თავის მიმდებარე ტერიტორიებით შედიოდა დავით გარეჯის შემადგენლობაში. თუმცა ამ სპეციალისტებს ნათქვამი აქვთ, რომ არ არსებობს 1938 წლის რუკა, დედანი არ არსებობს, ხოლო ასლები არის ცუდი და აუცილებელია დედნის მოპოვება“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მისივე თქმით, პირველად საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვართან დაკავშირებით შეთანხმება შედგა სწორედ „აქსტაფის ხელშეკრულებით“ 1920 წლის და იქ განისაზღვრა როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციულ-სამეურნეო საზღვრის ხაზი. ნარჩემაშვილის განმარტებით, ამის შემდეგ ეს ხელშეკრულება გამყარდა 1921 წლის 5 ივლისის შეთანხმებით, რომელშიც მიუთითეს, რომ მხარეები კვლავ აღიარებდნენ და მხარს უჭერდნენ „აქსტაფის ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ პირობებს.
„ამ შეთანხმებებით, ცალსახად დავით გარეჯი და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც დღესაც არის სადავო და მათ შორის არა მარტო ეს ტერიტორია, არამედ ე.წ. ყარაიაზის ველი (რომელიც ესაზღვრება აზერბაიჯანის მიმდებარე მხარეს საქართველოს ტერიტორიას და საკმაოდ დიდია), იყო უდავოდ საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებში. შემდეგ ყარაიაზის ველი დროებით გადაეცა ყაზახის მაზრის გლეხებს საძოვრად. ამის შემდეგ იგივე საზღვარი 1938 წელს ე.წ. ენკავედეს რუკით დადასტურდა და აღიარეს, რომ ეს არის უდავო საკითხი. 1996 წელს ივნისში შედგა პირველი შეთანხმება და კომისიამ მიიღო ოქმი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ხელს აწერს კომისიის ხელმძღვანელი მიხეილ უკლება, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან სალაფოვი, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და მაშინ მათ თქვეს, რომ ისინი 1938 წლის რუკის მონაცემებს იღებენ სახელმძღვანელოდ და გააგრძელებენ საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის საკითხზე მუშაობს ამ რუკიდან გამომდინარე. ეს არის ის, რაც ვიცი და რა მასალებიც მე მაქვს და ამის შემდეგ ვიცი, რომ ამ რუკის დედანი აღარ არსებობს“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. 8 ოქტომბერს მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.