„უდაბნოს მონასტერი 1938 წლის რუკით არის საქართველოს ტერიტორია და ამას არაფერი არ შეცვლის“, ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება არ შეიძლება: „იმიტომ, რომ ადამიანი თუ კლინიკური იდიოტი არ არის, ისიც მიხვდებოდა, რომ ვიღაც ფსბ-შნიკებთან შეთანხმებით შეთითხნილი რუკა ჩამოაქვთ და ისეა გაკეთებული, რომ უამრავი უზუსტობაა“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. ის დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„გიგი გიგიაძე ერთ-ერთი იმ დიპლომატთაგანია, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ამ ადამიანმა ჩემი მინისტრობის დროს დაიწყო და გაიარა ყველა საფეხური, სრულიად დამსახურებულად ჯერ საამაყო დესპანი იყო ჰოლანდიაში, მერე ელჩი დანიაში.
მნიშვნელოვანია გიგის ადამიანობა, მან თქვა ის, რაც ყველა მოქმედ თუ ყოფილ დიპლომატს უნდა ეთქვა ივერი მელაშვილზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ელჩს ჯერ მასთან უნდა დაერეკა და მერე ეთქვა ეს - ბოდიში მომიხდია, ომის შემდეგ, ალასანია, ზალკალიანი, და სხვები რომ განცხადებებს აკეთებდნენ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაშინ როგორ იყო საქმე? დავით ზალკალიანს რისი უფლებაც აქვს, გიგი გიგიაძეს არ უნდა ჰონდეს მოქალაქეობრივი პოზიცია? იქ სახელმწიფოზე იყო ლაპარაკი და აქ საქართველოს პატრიოტზე, საქართველოს მოქალაქეზე რომელიც ხელისუფლებამ საპყრობილეში გაუშვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა დანიაში, გიგი გიგიაძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას დავით გარეჯის საქმეზე ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინათ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.