ირაკლი კობახიძე: რუსეთს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მეტი არაფერი აწყობს

ირაკლი კობახიძე: რუსეთს საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მეტი არაფერი აწყობს

2006 წელს მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსეთის ინტერესები, როდესაც შემოხაზა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომლებიც საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. რუსეთს საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მეტი არაფერი აწყობს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე ერთადერთი რამის თქმა შემიძლია - ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ასეთი მძიმე რამ კეთდება - ამ შემთხევაში ეს მხოლოდ ვარაუდია, იმიტომ, რომ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას - მაგრამ არსებობს სხვა ფაქტები, სადაც უტყუარად არის დამტკიცებული „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედებები. ერთ-ერთი ასეთი ფაქტია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენა, რომლებითაც ახლა ოკუპანტი ქვეყანა „ბორდერიზაციის“ პროცესში ხელმძღვანელობს. ეს საზღვრები 2006 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღადგინა. ეს ხომ ვარაუდიც აღარაა, 2006 წელს პირდაპირ გაატარა სააკაშვილმა რუსეთის ინტერესები, როდესაც შემოხაზა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები, რომლებიც საფუძვლად დაედო დღევანდელ „ბორდერიზაციას“. რუსეთს საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მეტი არაფერი აწყობს, იმიტომ რომ ამ ძალამ გაატარა რუსეთის ინტერესები ჩვენს ქვეყანაში. ეს ცხადი და უტყუარი დანაშაულია და ამიტომ აქვს მყარი საფუძველი ეჭვებს დავით-გარეჯთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.