ირაკლი კობახიძე გიგი გიგიაძის განცხადებაზე: უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები

ირაკლი კობახიძე გიგი გიგიაძის განცხადებაზე: უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები

ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საქმის შესახებ დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, ბუნებრივია, მინიმუმ უნდა იყოს მისი მხრიდან ჯერ ფაქტები გადამოწმებული და მეორე, კომუნიკაცია უნდა შედგეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. როგორც ვიცით, ეს ყველაფერი არ გაკეთებულა. აქედან გამომდინარე, უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო - აზერბაიჯანის დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერას გამოუცხადა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ ივერი მელაშვილი გამორჩეული პატრიოტი და პროფესიონალი ექსპერტია.