რას ნიშნავს მერაბიშვილის გამოჩენა ზუგდიდში - „ნაცმოძრაობა“ მის პოლიტიკურ რეაბილიტაციას ცდილობს

რას ნიშნავს მერაბიშვილის გამოჩენა ზუგდიდში - „ნაცმოძრაობა“ მის პოლიტიკურ რეაბილიტაციას ცდილობს

„ნაციონალურ მოძრაობას" რეაბილიტირებული მერაბიშვილი სჭირდება, რათა შემდეგი არჩევნებისთვის მოამზადოს", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჩართვას. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ნეიტრალური ამომრჩეველის ხმების მოზიდვაზე საერთოდ არ ფიქრობს.

„რაღაც უცნაურ თამაშს თამაშობს ზოგადად „ნაციონალური მოძრაობა", რადგან საერთოდ არ მუშაობს ნეიტრალურ ამომრჩეველზე. თუ ნეიტრალურ ამომრჩეველზე მუშაობს, მაშინ რატომ უნდა ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში ვანო მერაბიშვილი? მე ვფიქრობ ამის მიზეზი ისაა, რომ „ნაცმოძრაობა" მერაბიშვილს პოლიტიკურ რეაბილიტაციას უტარებს," - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და შემდეგი არჩევნებისათვის ემზადება.

„დღეს „ნაციონალური მოძრაობა" შეგუებულია, რომ არჩევნებზე ხმათა უმრავლესობას ვერ მიიღებს და მათი მხრიდან მერაბიშვილის ჩართვა არის მზადება შემდგომი არჩევნებისათვის, რისთვისაც სჭირდებათ რეაბილიტირებული მერაბიშვილი და არა ისეთი, როგორიც არის დღეს. მხოლოდ ეს შეიძლება იყოს ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ გამოჩნდა მერაბიშვილი.

„ნაციონალურ მოძრაობას" ასევე ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რომელთაც არ აინტერესებთ სიაში მერაბიშვილი იქნება, სააკაშვილი, ადეიშვილი თუ სამივე ერთად, მაინც მისი მხარდამჭერი იქნებიან," - ამბობს „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძე.

ოთხშაბათს ვანო მერაბიშვილი „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში გამოჩნდა. მას ადგილობრივების ნაწილი ხმაურით და პროტესტით დახვდა.