საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მარეგულირებელი ნორმების ეფექტურობასა და სემეკის როლზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. მან მადლობა გადაუხადა USAID-ის ენერგეტიკულ პროგრამას ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.
სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში საქართველოს მოკლე, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე. დავით ნარმანიას თქმით, 2020 წელი ენერგეტიკის სექტორისათვის რეფორმირების პირველი წელია, რომელიც ელექტროენერგეტიკის ბაზრის სრულ მოდერნიზებას გულისხმობს.
„სემეკში მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტების ბაზის შექმნაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. ამ ეტაპისთვის სემეკმა დაამტკიცა ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრების წესები, ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის წესები, განცალკევების წესები და სხვა მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმები. სემეკის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები სრულად ითვალისწინებს ევროპულ დირექტივებს. წლის ბოლომდე სემეკში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაციის შემუშავება და დამტკიცება, რომელიც მთლიანობაში შექმნის მყარ საფუძველს, რომ 2021 წლის ივლისიდან სრული დატვირთვით ამოქმედდეს ახალი ბაზრის მოდელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
USAID-ის ენერგეტიკული პროგრამის კონფერენცია გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საჯარო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.