შარლ მიშელი: მხარს ვუჭერთ კონფლიქტის გადასაჭრელად ნორმანდიული ფორმატით წარმოებულ მოლაპარაკებებს, რაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს დაიცავს

შარლ მიშელი: მხარს ვუჭერთ კონფლიქტის გადასაჭრელად ნორმანდიული ფორმატით წარმოებულ მოლაპარაკებებს, რაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს დაიცავს

ევროკავშირი არის და იქნება მომავალშიც უკრაინის სტრატეგიული და ყველაზე სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრებმა მხარეები ისეთ თემებს შეეხნენ, როგორებიცაა კორონავირუსის პანდემია, ურთიერთთანამშრომლობა, ბრიუსელსა და კიევს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია. მიშელმა კიდევ ერთხელ განაცხადა ევროკავშირის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია დაგმო.

„ევროკავშირსა და უკრაინას აქვთ საერთო ღირებულებები. ეს ღირებულებები აისახება კონკრეტულ სტრუქტურულ რეფორმებზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის არსებითი ინვესტიციებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები 2021 წლამდეა გახანგრძლივებული. პრეზიდენტი ზელენსკი აქტიურად მუშაობს კონფლიქტის გადასაჭრელად და ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. ჩვენ მხარს ვუჭერთ კონფლიქტის გადასაჭრელად ნორმანდიული ფორმატით წარმოებულ მოლაპარაკებებს, რაც დაიცავს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ განვიხილეთ მომავალ წელს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები“, - განაცხადა მიშელმა.