კახა კალაძე 2012 წელს იპოდრომის ტერიტორიისთვის „რეკრეაციული ზონა 1“-ის სტატუსის მინიჭებას პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას უკავშირებს

კახა კალაძე 2012 წელს იპოდრომის ტერიტორიისთვის „რეკრეაციული ზონა 1“-ის სტატუსის მინიჭებას პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას უკავშირებს

კახა კალაძემ იპოდრომის ტერიტორიის გასხვისების ისტორიის დეტალებზე ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1998 წელს მერიამ დაახლოებით 700 ათას დოლარად გადასცა იპოდრომი „ჟოკეი კლუბს“, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება რომ ტერიტორიის მოსაწესრიგებლად 3,5 მილიონი დაეხარჯა. ამავე დროს ტერიტორიას „გამწვანებული ზონის სტატუსი“ მიენიჭა.

2002 წელს „ჟოკეი კლუბს“ ეს ტერიტორია უპირობოდ, საინვესტიციო ვალდებულებების მოხსნით გადაეცა. ბიძინა ივანიშვილი თბილისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის ადგილს ეძებდა და ამ თემაზე ხელისუფლებასთან საუბრობდა.

„აი მაშინ შემოდის უკვე თემაში იპოდრომი, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, კონკრეტულად გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ, ვფიქრობ საზოგადოებამ კარგად იცის თუ ვინ იქნებოდნენ ეს ადამიანები, შესთავაზეს იპოდრომის ტერიტორია და მაშინ მოხდა ამ კონკრეტული ტერიტორიის გამოსყიდვა. 52 მილიონი დოლარი, ცოტა მეტია გადახდილი“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2009 წელს, ქალაქის ზონირებისას, ტერიტორიას საბურთალოს ქუჩის მხარეს დაედო „საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2“-ის სტატუსი, რაც ადგილზე მაღალი ინტენსივობის განაშენიანებას გულისხმობს, იპოდრომის ძირითადმა ტერიტორიამ კი „სარეკრეაციო ზონა 2“-ის სტატუსი მიიღო, სადაც დაბალი განაშენიანების პროექტების განხორციელება ხდება. იპოდრომის სტატუსი 2012 წლამდე უცვლელი რჩებოდა.

„2012 წლის 27 ივლისიდან, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსულიყო, გადაედო „რეკრეაციული ზონა 1“, ანუ ფაქტობრივად იქ უკვე არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა. ეს გადაწყვეტილი იყო ერთი მარტივი მიზეზის გამო - რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება და მათი მხრიდან ეს ნაბიჯი ერთგვარი სადამსჯელო ოპერაცია იყო, რომ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე არაფერი გაკეთებულიყო“, - განაცხადა კალაძემ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ცენტრალური პარკი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენდება.