გიორგი კახიანი: ვენეციის კომისიის დასკვნა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, კანონპროექტში ფაქტობრივად ყველა ის მოთხოვნაა გათვალისწინებული, რომელიც აქამდე კომისიას ჰქონდა

გიორგი კახიანი: ვენეციის კომისიის დასკვნა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, კანონპროექტში ფაქტობრივად ყველა ის მოთხოვნაა გათვალისწინებული, რომელიც აქამდე კომისიას ჰქონდა

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნა და თუ მასში იქნება რამე ისეთი მოსაზრება, რომელიც შესაძლოა, კანონთან ბოლომდე შესაბამისობაში არ იყოს, ამაზე უკვე იფიქრებს მომდევნო მოწვევის პარლამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ყველა რეფორმა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისია.

„ვენეციის კომისიის დასკვნა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი. ყოველი რეფორმა, რომელიც აქამდე გაგვიტარებია, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისი იყო. ამ შემთხვევაშიც, ვენეციას ჩვენ თვითონ გავუგზავნეთ ეს დასკვნა და მოგეხსენებათ, რომ ამ კანონპროექტის განხილვა ხდებოდა დაჩქარებული წესით, ბოლო მომენტამდე ველოდებოდით კომისიის დასკვნას. თუმცა, გვესმის, რომ ერთი მხრივ, გარკვეული დრო უნდა ვენეციის კომისიის დასკვნას, მეორე მხრივ, ჩვენ ეს კანონპროექტი მივიღეთ პლენარული სხდომების ბოლო დღეს, ანუ იმის მერე ფაქტობრივად, პლენარული სხდომები არ იმართება. ეს მოწვევის პარლამენტი, შესაძლოა პლენარულ სხდომაზე აღარ შეიკრიბოს, იმიტომ რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე სხდომები არ ტარდება, ანუ, ფაქტობრივად, მივიღეთ ბოლო დღეს. აქედან გამომდინარე, საკითხი ისე იდგა, რომ ან არ უნდა მიეღო ეს კანონპროექტი ამ მოწვევის პარლამენტს, ან უნდა მიგვეღო, ისე როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, კანონპროექტში, შემიძლია ვთქვა, რომ, ფაქტობრივად, გათვალისწინებულია ყველა ის მოთხოვნა, რომელიც აქამდე ვენეციის კომისიას ჰქონდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნა, ის დასკვნა აუცილებლად იქნება და თუ დასკვნაში იქნება თეორიულად რამე ისეთი მოსაზრება, რომელიც შესაძლოა, კანონთან ბოლომდე შესაბამისობაში არ იყოს, ამაზე უკვე იფიქრებს მომდევნო მოწვევის პარლამენტი“, – განაცხადა კახიანმა.