საფრანგეთის ელჩი საქართველოსთან თანამშრომლობაზე: მგონია, რომ მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელთანაც ასეთ ინტენსიურ სწავლებას ვატარებთ და ერთობლივ პროგრამებს ვახორციელებთ

საფრანგეთის ელჩი საქართველოსთან თანამშრომლობაზე: მგონია, რომ მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელთანაც ასეთ ინტენსიურ სწავლებას ვატარებთ და ერთობლივ პროგრამებს ვახორციელებთ

„მგონია, რომ მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელთანაც ასეთ ინტენსიურ სწავლებას ვატარებთ და ერთობლივ პროგრამებს ვახორციელებთ“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„საფრანგეთი სამთო ჯარების სფეროში საქართველოს ახლო პარტნიორია 2003 წლიდან. 2006 წლიდან, საფრანგეთი საჩხერის სკოლის ახლო პარტნიორია. ერთი მილიონი ლარის აღჭურვილობა გადავეცით სკოლას, რათა ხელი შევუწყოთ მის განვითარებას.

პროგრამა, რომელიც განვახორციელეთ, განსაკუთრებულია, რადგან ფრანგმა და ქართველმა სამხედროებმა გარკვეული ცოდნა შეიძინეს და ერთობლივი სწავლება ჩაატარეს. ეს უნიკალური სწავლებაა. მგონია, რომ მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელთანაც ასეთ ინტენსიურ სწავლებას ვატარებთ და ერთობლივ პროგრამებს ვახორციელებთ.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მყინვარწვერზე ასვლა იყო და პირადად მომეცა შესაძლებლობა, მენახა, როგორი დინამიკა იყო ფრანგებისა და ქართველების ურთიერთობაში; როგორ ატარებდნენ სწავლებას ინსტრუქტორები, მწვერვალზე ასვლის დღე მთლიანობაში ძალიან კარგად იყო კოორდინირებული და დაახლოებით, ყველამ ერთად მივაღწიეთ მწვერვალამდე - ქართული და ფრანგული დროშებიც აღვმართეთ.

საქართველო მიზნად ისახავს თავდაცვისუნარიანობის ზრდას და ამ მხრივ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს დახმარება. სწორედ ამ მიზეზით ჩამოვიდნენ გარკვეული რაოდენობის სამხედროები სწავლების „ღირსეული პარტნიორი“ ფარგლებში, რათა უზრუნველვყოთ საჰაერო თავდაცვის განხრით სწავლება. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები ხაზს უსვამს საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას. იმისთვის, რომ საქართველო სათანადოდ იყოს შეიარაღებული და კარგად განვსაზღვროთ, რა საჭიროებები/შესაძლებლობები არსებობს.

თუმცა არის სხვა სფეროში თანამშრომლობაც - ფრანგი და ქართველი სამხედროები 10 წელია, მხარდამხარ იბრძვიან ცენტრალურ აფრიკაში და ამ თვეში ჩანაცვლდა ქართული კონტიგენტი. ჩვენ ამას ვაფასებთ - ფრიად მნიშვნელოვანია და ვთვლი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.

სამთო მომზადების სკოლაში მაღალი დონის სამთო სწავლება დასრულდა,. მაღალი დონის სამთო სწავლება პირველად ჩატარდა ქართული მხარის ხელმძღვანელობით და ასევე, პირველად საფრანგეთის სამთო ჯარების ისტორიაში, ფრანგმა სამხედროებმა სამთო მომზადება სხვა ქვეყანაში გაიარეს.