პოპ–პორტრეტები – Rainbow: გაუმარჯოს როკ’ნ’როლს! (ნაწილი II)

პოპ–პორტრეტები – Rainbow: გაუმარჯოს როკ’ნ’როლს! (ნაწილი II)

Long Live Rock’n’Roll არ ყოფილა სრულყოფილი ალბომი. რიჩი უკმაყოფილო იყო ბას გიტარისტ ბობ დეისლის დაკვრით. სამ-ოთხ სიმღერაში მაესტრომ თავად შეასრულა ბასის პარტიები. შეიძლება ზოგიერთი სიმღერა უფრო დახვეწილ ორანჟირებასაც კი ითხოვდა, მაგრამ მთავარი ეს არ ყოფილა. ალბომმა თითქოს გამოკვეთილი ზღვარი გაავლო მანამდე არსებულ როკ ეპოქასა და იმ ალბომებს შორის, რომლებიც მომავალში უნდა შექმნილიყო და რომლის ტიპური მაგალითიც Rainbow-ს მომდევნო ალბომი Down To Earth გახლავთ.

ალბომი ადრეული 80-ების მკვეთრი მინიშნებაა. უპირველეს ყოვლისა კი უნდა აღინიშნოს ვარსკვლავური შემადგენლობა, რომელმაც Long Live Rock’n’Roll-გან განსხვავებით, „ბოლომდე მიიყვანა“ ეს ალბომი. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ აღსდგა ბლეკმორ-გლოვერის ტანდემი, კლავიშებიან ინსტრუმენტებზე ვირტუოზი დონ ეირი გამოჩნდა, ხოლო კოზი პაუელისთვის კი ეს რიჩისთან ერთად ჩაწერილი ბოლო ალბომი გამოვიდა. ყველაზე უცნაური Rainbow-ს ახალი მომღერალი გრემ ბონეტი აღმოჩნდა, რომელმაც გარეგნული თვალსაზრისითაც კი არაროკმენულობიდან, კომპოზიტორული არასრულყოფილებიდან და ერთგვარი სწორხაზოვნებიდან გამომდინარეც კი, რეპერტუარს რომანტიკულობასთან ერთად, საოცარი ეგზოტიკა შესძინა.

უცნაურია, მაგრამ დიოს ეპოქის შემდეგ, ალბომმა თავისი რაფინირებულობით გაამართლა. აქ უხვადაა ჩვენებური თქმით „ავლაბრული“ სოლოები, რომელთაც რიჩის ოპონენტები მის „ქაჯობაზე“ აალაპარაკეს და მუსიკალურად ჩამორჩენილები, დღემდე ამ აზრზე ჩატოვეს. სინამდვილეში კი რეპერტუარის ერთგვარ ეგზოტიკას, Danger Zone-ში კავკასიური მელოდიები მართლაც განაპირობებენ. თანაც საინტერესო ისაა, რომ მკვეთრ ფერებში და ხშირად „ზიზილ-პიპილო“ არანჟირებებზე მშვენივრადაა მორგებული გრემ ბონეტის ზოგადად სწორხაზოვანი ნატურა და ბუნებრივია ვოკალიც, რომლის ეფექტურობის წინასწარ განჭვრეტა, მართლაც რომ არ იყო მარტივი საქმე დიდი მაესტროსთვის, რომელმაც წინასწარ იცოდა, რომ  ბონეტი არც კომპოზიტორი იყო, არც მოაზროვნე მუსიკოსი. ბლეკმორ-გლოვერის სიმღერებთან ერთად, Down To Earth რას ბალარდის Since You’ve Been Gone -ით გამოირჩა. სიმღერამ ჩარტებშიც წარმატებას მიაღწია და კონცერტებზე მომავალშიც, უკვე მომღერალ ჯო ლაინ ტერნერთან ერთადაც სრულდებოდა.

1981 წლის ალბომი Difficult To Cure, რას ბალარდის კიდევ ერთმა სიმღერამ I Surrender გახსნა. თუკი ამ სიმღერას, Since You’ve Been Gone-ს, Uriah Heep-ის Hold Your Hand Up-სა და Kiss -ის God Gave Rock’n’Roll To You-ს ზედიზედ მოვისმენთ, მახვილი ყურისთვის იმთავითვე გასაგები შეიქმნება ამ სიმღერების საერთო ღერძი და შესანიშნავი კომპოზიტორის - რას ბალარდის განუმეორებელი ხელწერა. რიჩისთვის კი აუცილებელი იყო ჰიტ პარადებში მაღალი ადგილების მოპოვება, რისთვისაც მან სწორედ რომ როდ არჯენტის ჯგუფის წევრის სიმღერებს უხმო.

არჯენტის რეპერტუარი უფრო დახვეწილ არანჟირებას ითხოვდა, რიჩის ყურისთვის კი იმთავითვე ნათელი იყო ბალარდის სიმღერების გასაქანი. მის კვალს შემდგომში Kiss და Uriah Heep-იც აყვნენ და ბალარდის სიმღერები ორიგინალზე გაცილებით ეფექტურად წარმოაჩინეს. მეტიც, Kiss -თვის God Gave Rock’n’Roll To You დღემდე საკონცერტო ჰიტია. ჩვენ კი ამდენს იმიტომ ვსაუბრობთ Rainbow -გან თითქოს განზე მდგომ ელემენტებზე, რომ Rainbow-ს მომდევნო ალბომების გარეშე, წარმოუდგენელია ზოგადად 1980-ებისა და მომდევნო პერიოდის როკ სცენა. რონი ჯეიმს დიოს პერიოდის Black Sabbath-თან და ოზი ოსბორნის პირველ სოლო ალბომებთან ერთად, ჯო ლაინ ტერნერთან ერთად ჩაწერილმა სამმა სტუდიურმა ალბომმა, 80-ების უამრავ მიმდევართან ერთად, ზოგადად ფაუერ მეტალის დამკვიდრებას დიდწილად შეუწყო ხელი, რის უმთავრეს საფუძველსაც Rainbow-ს უკვე ცალკე მდგომი ალბომი - 1995 წლის Stranger In Us All წარმოადგენს.

Difficult To Cure-ში კი ჯო ლაინ ტერნერთან ერთად, ახალი დრამერი ბობ რონდინელი გამოჩნდა. ტერნერი, ბონეტისაგან განსხვავებით შესანიშნავი კომპოზიტორი და ზოგადად ესთეტი მუსიკოსი გამოდგა. მან რიჩისგან ბევრი რამ შეისწავლა, რაც უკვე მის სოლო ალბომებზე ნათლად აისახა, სადაც იგი გაცილებით დაღვინებულ მომღერლად წარმოდგა. Difficult To Cure კი გვაოცებს სიხალასით, მელოდიურობით, ვირტუოზული დაკვრითა და ზოგადად სისავსით. Burn-ის ხაზს აქ კლასიკური სოლოებით დახუნძლული Spotlight Kid განასახიერებს, მძიმე მიმართულება Freedom Fighter-ით და ჯიმი ჰენდრიქსის Foxy Lady-ეული Midnight Tunnel Wision-ითაა წარმოდგენილი, როკ’ნ’როლურ ხელწერას გენიალური გიტარ სოლოთი გაფორმებული It Can’t Happen Here განავრცობს, ინსტრუმენტული მხარე კი ორი შედევრითაა წარმოდგენილი.

თუკი Maybe Next Time რიჩის განუმეორებელი შედევრია, თავად Difficult To Cure ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის მოტივზეა აწყობილი და კულმინაციური მომენტის შემდეგ, ბოლოსკენ, ბობ რონდინელის უაღრესად გემოვნებიანი როკ დრამ პარტიის თანხლებით, დონ ეირის სოლოს გვთავაზობს. შემდეგ კვლავ ძირითადი მოტივი და ბოლოს საორკესტრო ორმოდან ამომავალი ისტერიული სიცილი, რასაც იდეაში ვინძლო უკვე მომდევნო ალბომ Straight Between The Eyes-ის კლასიკურ სოლოზე აწყობილ როკ’ნ’როლ Death Alley Driver-ზე გავყავართ... კლასიკურ გიტარაზე ორიენტირებულ რიჩის გაფრენილ სოლოს, აქ უკვე კლავიშებზე დევიდ როზენტალის პასუხები მოსდევს, მაგრამ Rising-ის A Light In The Black-თან შედარებით, აქ „ზედმეტობა“ არ შეინიშნება და ზომიერ ფარგლებში რენესანსული როკ’ნ’როლის უცნაურ ნიმუშს ვაწყდებით. ტერნერის ვოკალი 1982 წლის ალბომში ნაკლებად თინნეიჯერულია, თუმც უკვე ამავე ალბომის თანდართულ ტურში წამოკივლებები, ფალშები და ზოგჯერ ტანჯვა, ჩვეულებრივი ამბავია. რონი ჯეიმს დიოს შემდეგ, ტერნერი ნამდვილად არ ყოფილა ძლიერი საკონცერტო მომღერალი.

მიუხედავად ამისა, მომავალში რიჩის სულიერი შვილი - ინგვი მალმსტინი აირჩევს მასწავლებლის გაკვალულ გზას, თავის ჯგუფში ბონეტსაც ამღერებს, ტერნერსაც და ძალიან სწორადაც მოიქცევა. ტერნერს ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც ძალიან დიდ როლს ითამაშებდა 80-იანებში. რბილი, სასიამოვნო ხმის ტემბრი, ოდნავ თინნეიჯერული და იმავდროულად ზოგადად მისაღები, წინაპირობად იქცა ალბომ Straight Between The Eyes-ის მეორე სიმღერის Stone Cold წარმატებისა. ბილბორდის გამოკითხვით სიმღერამ მოიპოვა პოპ კომპოზიციის მეინსტრიმის ნომინაციაში გამარჯვებულის ტიტული. კომერციულმა სვლამ ნამდვილად გაამართლა და რატომღაცამ სიმღერის მოსმენას Fools-ისა და No No No-ს მსმენელებიც კი შეუდგნენ (მეორე უკიდურესობა).

მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ Straight Between The Eyes პოპ ალბომია. ეს უფრო მომდევნო ალბომ Bent Out Of Shape-ზე ითქმის, რომელმაც Rainbow საყოველთაოდ სმენად ჯგუფად აქცია და კარგი ამაში ალბათ არც არაფერი ყოფილა. Straight Between The Eyes კი ცეცხლოვანი Smooth Dancer-ებრი დაბოლოვების მქონე Rock Fever-ით, საკმაოდ მძიმე ჟღერადობისა, ოღონდ არსით მსუბუქი Power-ითა და მახვილგონივრული და ღრმააზროვანიEyes Of Fire-ით აღინიშნა. Tearin’ Out My Heart კი ჯგუფის ახალ Catch The Rainbow-დ იქცა. სიმღერა სრულდებოდა ყოველ კონცერტზე და ხშირად ტერნერის ხმის სისუსტეებსაც ავლენდა ხოლმე.

1983 წლის Bent Out Of Shape კი როგორც აღვნიშნეთ, ბლეკმორის დისკოგრაფიაში ზოგადად 80-იანების როკ მუსიკის განსახიერებად იქცა. პრაქტიკულად მთელი ალბომი Stone Cold-ის სულისკვეთებისაა. ალბომს გადაღეჭილი როკ’ნ’როლების ფონზე უაღრესად ალამაზებს ინსტრუმენტული კომპოზიციები - საკუთარი Anybody There და ფაუერ მეტალ ჰიმნი ქავერი  Snowman.

Rainbow ამ ალბომის შემდეგ დაიშალა იმ დიდი მოვლენის გამო, რასაც Deep Purple-ს ხელახალი შეკრება ჰქვია. ბლეკმორმა თავისი ჯგუფის ცხრაწლიანი არსებობის მანძილზე მოასწრო აბსოლუტურად ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა. მან შეიძლება გაანაწყენა კიდეც ძველი მსმენელები, რადგან განსაკუთრებით ტერნერის პერიოდის ალბომებში Deep Purple სულ უფრო ნაკლებად იგრძნობოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმ გავლენიანობის შესახებ, რომელიც სწორედ მესამე პერიოდის Rainbow-ს მხრიდან განსაკუთრებით იგრძნობოდა ზოგადად პოპ-როკ სცენაზე. 1995 წლის ალბომი კი საერთოდ სხვა საკითხია და მას ერთ მშვენიერ დღეს  Deep Purple-ს The Battle Rages On-ის, რიჩის უკვე ქენდის ნაითთან დუეტთან და არამარტო, კავშირში განვიხილავთ...