ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტესტირების მორიგი ეტაპი გაიარეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტესტირების მორიგი ეტაპი გაიარეს

25-30 სექტემბერს, COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“, საბაჟო გამშვები პუნქტები:  „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „წითელი ხიდი“, „თბილისის აეროპორტი“  - ჯამში 517 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ.

გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ 6 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები).

აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საზღვაო ნავსადგურებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით. 25 სექტემბრიდან დღემდე, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე  ტესტირება  4 293 სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სხვადასხვა საჭიროებებისთვის დროებით შეჩერების მიზნით, სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT) განსაზღვრულია:

  • ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, საკადასტრო კოდი: 68.16.45.054;
  • თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, საკადასტრო კოდი: 33.08.38.224;
  • გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, საკადასტრო კოდი: 66.44.02.033;
  • ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა, საკადასტრო კოდი: 32.03.34.211.
  • თბილისის შემოვლითი გზის 30-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა, საკადასტრო კოდი: 81.10.25.577.
  • თბილისის შემოვლითი გზის 31-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა, საკადასტრო 81.10.25.147.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება.