კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელს ოლეგ იაძეს სამბოს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩევენ. ამის შესახებ იაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა. მისი თქმით, ის სპორტის სფეროს 2011 წელს მაშინდელმა სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ჩამოაშორა.
,,ყაჩაღურად წამიყვანეს სამინისტროში და შემიყვანეს შვილის ტოლა მინისტრთან. ორი იარაღი დამიდო მაგიდაზე და დამემუქრა. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოღალატე მიწოდა. საქმე ეხება იმას, რომ იმ პერიოდში სამბისტების ჯგუფი მოსკოვში შეჯიბრებაზე წავიყვანე. იქ საბრძოლველად და საომრად წავედი. თასის ჩამოსატანად წავედით. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს უძლიერესი გუნდები იკრიბებობდნენ და მიგვიწვიეს ჩვენც. ეს იყო ჩემი ჩამოშორების მიზეზი, სინამდვილეში ერთადერთი ფედერაცია მქონდა ჩაბარებული, რომელიც არ გავაპოლიტიკურე და ,,ნაციონალების” სასარგებლოდ ავტობუსებით არ დამყავდა აქეთ-იქით. დღემდე შეურაცხყოფილი ვარ დამცირებით. ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა.” – აცხადებს იაძე.