დონალდ ტრამპი: თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ

დონალდ ტრამპი: თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან პირველი ტელედებატებისას არჩევნებში ფოსტით ხმის მიცემის მეთოდი კვლავ გააკრიტიკა.

„ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ბიულეტენს აგზავნიან. ეს თაღლითობა იქნება, რომლის მაგვარი აქამდე არასდროს გვინახავს. 3 ნოემბერს დაინახავთ, თუ ვინ გაიმარჯვა. თუმცა, შესაძლოა, გამარჯვებულის ვინაობის დადგენას თვეები დასჭირდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტელედებატების მოდერატორის კითხვას, იმედოვნებს თუ არა ის, რომ ბიულეტენებთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, აშშ-ის უზენაესი სასამართლო ჩაერევა, დონალდ ტრამპმა უპასუხა:

„ვფიქრობ, მათ უნდა შეისწავლონ ბიულეტენები. ვიმედოვნებ, რომ ზოგადად არჩევნების ნაწილში მათი ჩარევა საჭირო არ გახდება, თუმცა ის, რაც ბიულეტენებთან დაკავშირებით ხდება, ეს წარმოუდგენელია. ვიმედოვნებ, რომ არჩევნები სამართლიანად გაიმართება. თუმცა, თუ დავინახავ, რომ ათასობით ბიულეტენი ჩაწყობილია, ამას ვერ გავატარებ“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.