თამარ ბაჩალიაშვილის დედა ახლა მისი შვილის ფსიქოლოგის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა ახლა მისი შვილის ფსიქოლოგის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის სელფვიდეოების გავრცელების შემდეგ უამრავი კითხვა ჩნდება, რომელსაც ბაჩალიაშვილი პასუხს თავად სცემს არსებული ხმოვანი და ვიდეოჩანაწერების საშუალებით.

თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოჩანაწერებში სამუშაო გარემოსა და თანამშრომლებთან საკმაოდ დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს, რასაც მისი ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძეც აღნიშნავს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში.

ფსიქოლოგმა გამოძიებას დაუდასტურა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურში მიმდინარე მოვლენებს საკმაოდ მწვავედ აღიქვამდა და მიიჩნევდა, რომ ჩაგრავდნენ, რაზეც პასუხის გაცემა არ შეეძლო.

ასევე გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ თამარის სამსახურში საკმაოდ არაჯანსაღი გარემო იყო და კომპანია „ზეგში“ თანამშრომლების ნაწილი ხელმძღვანელობასთან სიახლოვის გამო პრივილეგირებული იყო, რის გამოც თამარს სამსახურიდან წამოსვლა სურდა.

„თამარი მეუბნებოდა, რომ ბევრ საქმეს აკეთებინებდნენ სამსახურში, მაგრამ მივლინებაში ყოველთვის სხვებს უშვებდნენ, რის გამოც ის თვლიდა, რომ უფროსი ჩაგრავდა“, - აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

თეონა თამაზაშვილი ინტერესდება თუ რატომ არ მოახდინა რეაგირება თამარის ფსიქოლოგმა იმაზე, რასაც მისგან ისმენდა.

„დავაყენებ ფსიქოლოგის პასუხისმგებლობის საკითხს, რომელმაც ჩემს შვილს არანაირი ტესტი არ ჩაუტარა და ვერ მიხვდა, ჰქონდა თუ არა სუიციდის მცდელობა. რატომ არ გადაამისამართა ფსიქიატრთან თუკი თამარი სუიციდის მცდელობაზე ესაუბრებოდა? “, - დასძინა თეონა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, ფსიქოლოგის სამკურნალო არ არის ის ადამიანი, რომელსაც სუიციდისადმი მიდრეკილება აქვს.

საპასუხოდ ბაჩალიაშვილის ფსიქოლოგი ქეთევან კობალაძე არაფერს ამბობს, რადგან პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან გამომდინარე ყოფილ პაციენტზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს.

Aburjga Tasmanieli თითონ ქალბატონი თამაზაშვილი ნეტავი თითონ რა პროფილის ექიმია (ადრე ეწერა ექიმიაო?!), საკუთარ შვილს აშკარა ფსიქიური აშლილობის ნიშნები რომ ვერ შეატყო?! ქალბატონი ქეთევან კობალაძისათვის ეს მომხდარი ამბავი ძალიან დიდი, მეტი რომ არ შეიძლება ისეთი დიდი პროფესიული მინუსია! მაგრამ არა მგონია მომხდარის გამო მისი პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება გახდეს შესაძლებელი!
3 წლის უკან