პარიზში, „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

პარიზში, „შარლი ებდოს“ ძველ ოფისთან ოთხი ადამიანი დაჭრეს

საფრანგეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ პარიზში, იმ ადგილთან ახლოს, სადაც ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს რედაქცია იყო განთავსებული, ოთხი ადამიანი დაჭრეს, - ამის შესახებ Reuters-ი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, გამვლელებს თავს ორი პირი დაესხა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცივი იარაღი. თვითმხილველთა ნაწილი მას ხორცის საკეპ ნაჯახად მოიხსენიებს, ნაწილი კი - დანად.

ოთხიდან ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. ადგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, ეჭვმიტანილების პოვნამდე, ქუჩაში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 5 კარიკატურისტი. შეიარაღებული პირები გაჰყვიროდნენ „ალაჰუ აკბარ“, ანუ „ღმერთი დიდია“, რაც პირდაპირ მიანიშნებს კავშირს „შარლი ებდოს“ მიერ გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებსა და მომხდარს შორის. „შარლი ებდო“ საფრანგეთში ცნობილია თავისი სკანდალური კარიკატურებით.