საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ის დიპლომატებს გააცნობს ცვლილებების არსს და კონტექსტს. გუშინ უკვე გაიმართა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიის შეხვედრა. შეგახსენებთ, პირველი საკონსტიტუციო ინიციატივა პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს ეხება და კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი მხოლოდ ქუთაისია. პარლამენტში კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილებება იქნა ინიცირებული. პროექტის თანახმად, უქმდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, მოქმედი მთავრობა პარლამენტის ნების წინააღმდეგ გადააყენოს და განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს მის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი.