თბილისის სააპელაციო სასამართლოს კი დღის ბოლომდე აქვს ვადა, განიხილოს ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის საჩივარი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. გოჩა სვანიძე ვარაუდობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე, მომჩივანი მხარის დაუსწრებლად გამოიტანს. საჩივარი, რომელიც ადეიშვილის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში შეიტანა, ბრალდებულის - ზურაბ ადეიშვილის ხელმოწერის გარეშეა მომზადებული. თუმცა ადვოკატი არ აკეთებს კომენტარს, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლომ საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადოს. ზურაბ ადეიშვილს საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად 5 იანვარს შეუფარდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილზე უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.