გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამა" ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს შვიდი სპეციალური იდენტიფიკატორი გადაეცა, რომელსაც როგორც ოზონდამშლელი ნივთიერებების, ისე ნარევების იდენტიფიცირება შეუძლია.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია გარემოს უსაფრთხოების დაცვაა.
სწორედ ამიტომ, ოზონდამშლელ ნივთიერებათა საბაჟოს გვერდის ავლით ან მალულად გადაადგილების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის საზღვარზე წარმატებით ხორციელდება რისკებზე დაფუძნებული კონტროლი სპეციალური იდენტიფიკატორების მეშვეობით. აღნიშნული, პორტატული აღჭურვილობა ,,თბილისის", ,,ფოთისა" და ,,ბათუმის" გაფორმების ეკონომიკურ ზონებში გადანაწილდება, ხოლო 4 იდენტიფიკატორი ,,წითელი ხიდის", ,,სადახლო საავტომობილოს", ,,ყაზბეგისა" და ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე განთავსდება.
აღსანიშნავია რომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გატარდა საკანონმდებლო რეფორმები ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტისა და გამოყენების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად.
ამოქმედდა მაცივარაგენტების რეციკლირებისა და შესაბამისი მოწყობილობების მომსახურების ცენტრები, რომელთა აღჭურვა და მაცივარ-ტექნიკოსების, მებაჟე ოფიცრებისა და გარემოსდაცვითი ინსპექტორების გადამზადება ასევე UNDP-ის დახმარებით განხორციელდა. UNDP-ის მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შედეგად, ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა ოზონდამშლელი ნივთიერების მოხმარება.
2013-2020 წლებში ამ ნივთიერებების წლიური მოხმარება 5.21 ტონიდან 2.4 ტონამდე შემცირდა, რის შედეგადაც საქართველომ წინასწარ დაგეგმილ მაჩვენებელზე, წლიურ 2.97 ტონაზე უკეთეს შედეგს მიაღწია. 2030 წლისთვის საქართველო შეძლებს, მთლიანად ამოიღოს მოხმარებიდან სახიფათო ოზონდამშლელი ნივთიერებები. გარდა ამისა, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოში შეიქმნება ოზონდამშლელი ნივთიერებების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
აღნიშნული თანამედროვე იდენტიფიკატორები, საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ხელს შეუწყობს სამართალდარღვევების აღკვეთა/გამოვლენას.
ღონისძიება ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსოფლიოს 194 ქვეყანაში 16 სექტემბერს აღინიშნება.