არჩილ თალაკვაძე:  საქართველო რჩება

არჩილ თალაკვაძე:  საქართველო რჩება "მწვანე ზონაში" და მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ

საქართველო რჩება "მწვანე ზონაში" და მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პანდემია და პანდემიის პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოში იმართება.

"ეს არის ნამდვილად უპრეცედენტო მოვლენა, როცა საბჭოს სხდომა არა ესპანეთში, არამედ მის გარეთ იმართება და ამ შემთხვევაში, საქართველო არის ის ადგილი, რომელიც მას მასპინძლობს. გვეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ასეთი მაღალი ნდობა. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქმიანი და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა და ასევე იმითაც, რომ საქართველომ, გლობალური პანდემიის პირობებშიც დაამტკიცა, რომ ჩვენ საფრთხეების მართვა შეგვიძლია და რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენი მიზანი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და ეკონომიკის სტაბილიზაცია, მისი აღდგენა. სწორედ ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომის გამართვას", - განაცხადა თალაკვაძემ.