2020 წლის 13 სექტემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე პატიმარს, მათ შორის ბ. გელხაურს, არ მიეწოდება დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ბ. გელხაურთან დაკავშირებით, სიუჟეტში ითქვა: „ფრჩხილის საჭრელი ე.წ. კუსაჩკა საკანში გადაყლაპა. პროტესტის უკიდურეს ფორმას კი, ოჯახის წევრების მტკიცებით, ბექა გელხაურმა ციხეში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ მიმართა. პატიმრის მშობლები შველას ითხოვენ და იუსტიციის მინისტრს მიმართავენ, თუ პაციენტს ოპერაცია დროულად არ ჩაუტარდება, ის შეიძლება დაიღუპოს“.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე, ვინაიდან მსჯავრდებულს სწორედ სისტემატური თვითდაზიანებების მიყენებისა და სამედიცინო მომსახურებაზე არაერთხელ უარის თქმის გამო აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე სიცრუეა, თითქოს მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიზეზით მიმართა. სინამდვილეში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოცემული მსჯავრდებულის სიცოცხლე მრავალგზის აქვს გადარჩენილი და ამჟამადაც ამის მცდელობით არის დაკავებული.
ბ. გელხაური სასჯელს იხდის 2013 წლიდან ორ სხვადასხვა საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი ეხება მისი მონაწილეობით პატიმრების ჯგუფის მიერ სხვა პატიმრის წამებას (საქართველოს სსკ-ის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ნაწილი (წამება ჯგუფურად). 2015 წლიდან იგი პროტესტის ნიშნად პერიოდულად აცხადებს შიმშილობას, ასევე სისტემატურად ყლაპავს სხვადასხვა ნივთებს და ამ გზით აპროტესტებს მის მიმართ გამოტანილ განაჩენებს.
გადაყლაპული ნივთების გამო, მსჯავრდებულს პირველად ჯერ კიდევ 2018 წლის 28 ივლისს აქვს ჩატარებული ლაპაროტომია - კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან უცხო სხეულების ევაკუაცია. მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულმა გააგრძელა უცხო სხეულების ყლაპვა. უცხო სხეულების მუცლის ღრუდან ამოღების მიზნით, მსჯავრდებულს მრავალჯერ აქვს ჩატარებული ოპერაცია (2019 წლის 19 აპრილს, 2019 წლის 2 ნოემბერს - ლაპაროტომია, ხოლო 2019 წლის 7, 9 და 11 ნოემბერს და 2020 წლის 14 ივნისს რელაპაროტომია). მაგალითისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს 2019 წელს ჩატარებული ერთ-ერთი ოპერაციის შედეგად ამოღებული ნივთების ფოტოსურათებს. მიუხედავად ყოველი წარმატებული ოპერაციის შემდეგ არაერთი მცდელობისა, რომ მსჯავრდებულმა შეცვალოს ქცევა, იგი, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კვლავ იწყებს ლითონის საგნების ყლაპვას, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და კვლავ დგება ახალი ოპერაციის ჩატარების საჭიროება.
ყოველი ოპერაციისთვის, რასაკვირველია, საჭიროა მსჯავრდებულის თანხმობა, რაზეც ის სისტემატურად აცხადებს უარს და მხოლოდ მას შემდეგ თანხმდება სამედიცინო მომსახურების მიღებას, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება.
ბოლოს, 2020 წლის 23 აგვისტოს, მსჯავრდებულს აღენიშნა მუცლის ტკივილი და ღებინება, რის გამოც, იგი სასწრაფო წესით გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. კლინიკაში ჩაუტარდა მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოგრაფია, სისხლის ანალიზები, ენდოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, ქირურგის, გასტროენტეროლოგის კონსულტაცია. დაესვა დიაგნოზი: კუჭის წყლული დაუზუსტებელი ლოკალიზაციის მწვავე სისხლდენით, უცხო სხეული კუჭში, უცხო სხეული საჭმლის მომნელებელი ტრაქტში, საყლაპავის ეროზიები; ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიით - საყლაპავის ქვედა მესამედში დაფიქსირდა ეროზიები, კუჭში - ჰემორაგიული შიგთავსი, მცირე სიმრუდეზე - სისხლმდენი წყლული ღრმა კრატერით, რომლის ფუძიდანაც აღინიშნებოდა სისხლდენა, კუჭში ვიზუალიზდა უცხო სხეული - მკვნეტარა („კუსაჩკა“). მსჯავრდებულს სტაციონარში ჩაუტარდა სისხლმდენი წყლულის ირგვლივ ინფილტრაცია ადრენალინის ხსნარით და სისხლდენა შეჩერდა; ენდოსკოპიურად მცდელობის მიუხედავად, უცხო სხეულის ამოღება ვერ მოხერხდა. მსჯავრდებული მოთავსდა ქირურგიულ განყოფილებაში, ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა, სისხლდენის რეციდივი არ ჰქონია. უცხო სხეულის ამოღების მიზნით განმეორებით ენდოსკოპიის ჩატარებაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა, რის გამოც 2020 წლის 27 აგვისტოს გამოეწერა კლინიკიდან. თუმცა, 28 აგვისტოს კვლავ მუცლის ტკივილით, გულისრევის შეგრძნების და საერთო სისუსტის გამო კვლავ გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც დღემდე იმყოფება მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.