საქართველოში ქუჩის პროტესტები იშვიათია, თუმცა 2019 წლის ივნისს, როდესაც დემონსტრანტების მიერ განხორციელდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა, პოლიციამ კანონიერი ძალის გამოყენებით შეაჩერა დემონსტრანტები. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიშის პოლიტიკურ ნაწილშია ნათქვამი.
დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მასში ყურადღება გამახვილებულია 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შესახებ და ასევე, ხაზგასმულია, რომ რუსეთი დღესაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ახორციელებს პროვოკაციებს ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთან.
ყურადღება გამახვილებულია საკუთრების უფლებების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. ხაზგასმულია, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება საკუთრების ექსპროპრიაცია, თუმცა ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ წინა მთავრობის დროს ხშირი იყო კერძო საკუთრების არაგამჭვირვალედ და იძულებით გადაცემის შემთხვევები.
„ექსპროპრიაციის შესახებ დავები საქართველოში გავრცელებული არ არის, თუმცა წინა მთავრობის პირობებში (2012 წლამდე), მაღალი რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოჭრეს პრობლემური საკითხები სვანეთში, ანაკლიაში, გონიოსა და შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიებზე, საკუთრების ისტორიული უფლებების უკანონო გაუქმების შემთხვევების შესახებ. წინა მთავრობის დროს ადგილი ჰქონდა ქონების გადაცემის შემთხვევებს, რომლებიც არ იყო გამჭვირვალე და სავარაუდოდ ხდებოდა იძულებითი წესით“, - წერია ანგარიშში.
მასში ნახსენებია ასევე, რომ საქართველოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემა ფუნქციონირებს გამჭვირვალედ და საერთაშორისო ნორმების დაცვით. ხაზგასმულია, რომ 2018 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად გაძლიერდა საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მოყვანილია IMF-ის 2019 წლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების გამჭირვალობის კუთხით.
გასული 10 წლის მანძილზე დაფიქსირებულია აშშ-ის მოქალაქეების ჩართულობით 10-ზე მეტი საინვესტიციო დავის შემთხვევა (2019 წლის მდგომარეობით არბიტრაჟში მიმდინარეობს 5 საქმე.), თუმცა აღნიშნული ისტორიის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ არ განხორციელებულა არამართლზომიერი ქმედება უცხოელ ინვესტორთა წინააღმდეგ.
დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების როლი, კერძოდ კი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მაგალითისათვის მოყვანილია 2019 წელს, პეის ტერმინალისა და ლიბერთი ბანკისთვის გამოყოფილი დაფინანსება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საინვესტიციო კლიმატის შესახებ, მოიცავს 170 ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაციას, რომელიც მომზადებულია შეერთებული შტატების ადგილობრივი საელჩოების ეკონომიკური ოფიცრების მიერ. ისინი აანალიზებენ იმ ქვეყნების ეკონომიკებს, რომლებიც არიან ამერიკული ინვესტიციების მიმღებნი ან აქვთ პოტენციალი, რომ მათით დაინტერესდნენ ამერიკული კომპანიები.