ამ ეტაპზე, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ,,ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში" მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელთა სრულ შემადგენლობას (საერთო ჯამში 185 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ. ამასთან, მიზნობრივი, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის" 99 მებაჟე ოფიცერს.
გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი დაუდასტურდა სამ თანამშრომელს (ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლეული ნიმუშების პასუხები ,,COVID-19"-ზე დადებითია).
აღსანიშნავია, რომ, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მიზნობრივი ტესტირება რისკ ჯგუფებში მყოფ ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, განხორციელდა ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური ანამნეზის შეკრებას.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ეტაპობრივად კიდევ განხორციელდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებასა და გაძლიერებას უსურვებს.