მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში პრემიერობის კანდიდატი კი არა სატუსაღოს ბენეფიციარია, - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვის შეფასებისას გააკეთა.
„სააკაშვილი არის კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდებული და ბრალდებული. მათ შორის, გირგვლიანის საქმე, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის საქმე, დეპუტატი ვალერი გელაშვილის გატაცებისა და ცემის საქმე, 7 ნოემბრის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმე. ესაა კონკრეტული საქმეები, რის გამოც არა მხოლოდ ჩვენი შეფასებით, არამედ ევროპული სასამართლოს სტანდარტითაც, ის არის ორგანიზატორი დანაშაულებრივი სისტემის და ასეთ ადამიანებზე გამოკიდება ნიშნავს ამ დანაშაულებების ნორმად მიჩნევას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
გუშინ მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვისას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა.