კორონავირუსით ინფიცირების უცნობი წყაროების რაოდენობა 10-დან 15-მდე მერყეობს. ეს დაახლოებით, ერთი თვის, თვენახევრის საერთო მაჩვენებელია.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. შესაბამის ვიდეოს პრესსამსახური ავრცელებს.
ამირან გამყრელიძის თქმით, ციფრი ყოველდღიურად იცვლება.
„ციფრი ყოველდღიურად იცვლება. მაგალითად, დილით რომ ვამბობთ - არის 34 შემთხვევა და 4 არის კვლევაში, შემდგომ დგინდება პირველწყარო და ციფრი იცვლება. მთლიანად თუ ავიღებთ - ბოლო ერთი თვის, თვენახევრის განმავლობაში, საერთო ციფრი ე.წ უცნობი წყაროების, სადღაც 10-დან 15-მდე მერყეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1315-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.