რეალურად ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი დანაყოფების პოლიტიკური მომავალი კვლავ ნულთან ახლოს არის, ისინი თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას.
„ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას, უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა მოქალაქეობაზე. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი არიან პოლიტიკურად გაკოტრებულები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილს, ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელოდება.
„სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია. მე არ ვიცი, რა გზით აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას. ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, რომ თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს, არ არის პრობლემა. მას ელოდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რადგან განაჩენები არსებობს. ეს არ არის მუქარა, ეს არის ფაქტი. ამ აბსოლუტურად არასერიოზულ ადამიანზე სერიოზული საუბარი, რომელსაც, როგორც ჩანს, უკრაინაშიც აღარ დაედგომება, დიდი იმედი მაქვს, საქართველოში მალე დასრულდება. თუ ის მაინც გადაწყვეტს ჩამობრძანდეს, მას ელოდება დაკავების პროცედურა, ასეთია რეალობა და იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მისჯილი აქვს დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს მიერ”, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაასახელა.