ამირან გამყრელიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის მეორედ გამოცხადება ჯერჯერობით არ განიხილება

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის მეორედ გამოცხადება ჯერჯერობით არ განიხილება

თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებსა და განსაკუთრებულ გამკაცრებებზე, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა, საუბარი არ იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„გაფართოებული ტესტირება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი იმისთვის, რომ ვირუსი დროულად გამოვავლინოთ და ადამიანი გადავიყვანოთ იზოლაციაში. რაც შეეხება გამკაცრების ე.წ. „მიკრო“ ღონისძიებებს, რაც გამოვიყენეთ მესტიაში, ყარაჯალარში, ბოლნისსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ახლა ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ. ამასთან, უნდა მოვუწოდო აჭარის მოსახლეობას, რომ მიმართონ გამოკვლევებს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბათუმში კორონავირუსზე ტესტირება ბულვარში განთავსებულ კარვებსა და 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 12 უკავშირდება აჭარის რეგიონს.

საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 310-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.