ვიცით, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე, ლუგარის ცენტრზე. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება გამოძიებას, რომ დადგინდეს, ვინ იდგა ამ კიბერთავდასხმის უკან, თუმცა ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე, საზიანო აქტორები აგრძელებენ თავიანთ საზიანო მოქმედებებს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მავნე აქტორები საზიანო მოქმედებებს აგრძელებენ საქართველოს წინააღმდეგ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.
„ისეთი აქტორები, როგორიც არის რუსეთი, აგრძელებენ ისეთი შესაძლებლობების მოძიებას და გამოყენებას, რათა საზოგადოებაში დესტაბილიზაცია და დაბნეულობა გამოიწვიონ. სწორედ ამიტომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ის კარგი სამუშაო, რასაც იგი უკვე ასრულებს კიბერუსაფრთხოების და სტანდარტების გაზრდისკენ. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, იქნება შედეგებიც“, - განაცხადა კელი დეგნანმა.