სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას კომუნიკაცია აქვს როგორც კერძო კომპანიებთან, რომლებსაც გააჩნიათ ტერიტორიის სატელიტით გადაღების უზრუნველყოფა, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და ევროპულ ქვეყნებთან, რომლებთგანაც ველოდებით ინფორმაციას ფოტოებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება დრონის კადრებს ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, მოიპოვება და მას თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატიც გაეცნო.
„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქმეზე დრონის ჩანაწერები არსებობს. დრონის ჩანაწერები ეხება კონკრეტულად იმ ტერიტორიებს, სადაც ვიდეოჩანაწერების მიხედვით დაფიქსირდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი. ასევე იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნახეს თანარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს აღნიშნულ ტერიტორიაზე. ის ადგილი, მაწევანი, რომელიც არის სხვა ტერიტორია, პერიოდულად ხდებოდა მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა და კონკრეტულად ამ ადგილის ჩანაწერი დრონის ჩანაწერებში არ ფიქსირდება“, - აცხადებს პროკურორი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომლებიც 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა აფთიაქში ყოფნისა და კონკრეტული მედიკამენტების შეძენის ფაქტს ასახავს.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში, აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
პროკურატურის ინფორმაციით, „ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულობით აღემატება დადგენილ მინიმალურ, ლეტალურ ოდენობას“.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.