დონალდ ტრამპმა ქალაქ კენოშაში არეულობას შიდა ტერორიზმის აქტი უწოდა

დონალდ ტრამპმა ქალაქ კენოშაში არეულობას შიდა ტერორიზმის აქტი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ კენოშაში არეულობას „შიდა ტერორიზმის აქტი“ უწოდა და ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის თანხების გამოყოფა დააანონსა.

„ბანდიტებმა გაანადგურეს ან ზიანი მიაყენეს სულ მცირე 25 კომპანიას, ადმინისტრატიული შენობები დაწვეს, პოლიციელებს აგურები დაუშინეს. ეს მშვიდობიანი პროტესტი არ არის, ეს შიდა ტერორიზმია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ქალაქ კენოშაში ვიზიტის დროს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობა ქალაქ კენოშაში სამართალდამცველებსა და მცირე ბიზნესს ჯამში 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

„ქალაქ კენოშაში სამართალდამცველებს ერთ მილიონ დოლარს გამოვუყოფთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ასევე 4 მილიონი დოლარი მცირე ბიზნესის მხარდაჭერას მოხმარდება“, - დასძინა მან.

საპროტესტო გამოსვლები უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ-ერთ უბანში გამოძახებაზე მისულმა პოლიციელმა ფერადკანიანი მამაკაცი დაჭრა. საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც დემონსტრანტების ნაწილმა ქალაქის სასამართლოს შენობაში შეჭრა სცადა.